რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში ჩაბმული უკრაინის სამხედრო დახმარება იქნება მთავარი თემა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისა, რომელის ბრიუსელში, 3-4 დეკემბერს გაიმართება.
მედიის ინფორმაციით, მინისტრები გაცვლიან მოსაზრებებს უკრაინაში არსებულ ვითარებაზე და დაადასტურებენ უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერას, რომელიც "გაეროს წესდების თანახმად, იყენებს თავდაცვის უფლებას რუსეთის სასტიკი სამხედრო აგრესიის საპასუხოდ".
"ჩვენ ასევე ველით, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ რუსეთის მტრულ ქმედებებს ნატოს ქვეყნებში და კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ ასეთი ქმედებები ხელს არ შეუშლის მოკავშირეებს გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა და ჩვენი თავდაცვის გაძლიერება", - უთხრა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა "დოიჩე ველეს".
"დოიჩე ველეს" წყაროების ინფორმაციით, ნატოში არ არსებობს კონსენსუსი უკრაინის ალიანსში გაწევრიანების მოწვევაზე, რომელსაც კიევი ესწრაფვის, როგორც უსაფრთხოების მყარი გარანტია.
ვარაუდობენ, რომ უკრაინული დელეგაცია სწორედ ამ საკითხს დააყენებს ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომაზე, რომელიც 3 დეკემბერს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება.
აღსნანიშნავია, რომ მინისტერიალის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, გავრცელდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ კიევი ოფიციალურად უარს ამბობს გარანტიებზე, რომელიც ნატო-ში გაწევრიანების შემცვლელია.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთვის ეს ნატოელ კოლეგებთან პირველი შეხვედრა იქნება. ალიანსის გენერალური მდივანი მარკ რუტე ასევე პირველად შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრებს. ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისთვის კი ეს ღონისძიება ამ ფორმატში უკანასკნელი იქნება, ვინაიდან მომდევნო სამიტი აშშ-ში ახალი ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაიმართება.