მე კარგად მახსოვს, როგორ იდგა აქციაზე მამუკა ხაზარაძე ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით 2021-ში, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილი ეხმიანება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას. ხაზარაძემ გუშინ, 6 ნოემბერს, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა: „მიხეილ სააკაშვილი გამოდის და საათ-ნახევარი აქვს საშუალება, ისაუბროს ყველა თემაზე, მეორე ოთახში თურმე მე არ მაქვს უფლება, ვისაუბრო, ისეთ თემებზე, რომელიც ქვეყანას აწუხებს, არჩევნებთან მიმართებით“.
მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ თვითონაც სოლიდარული იყო ხაზარაძის მიმართ, რომდესაც მას დაპატიმრებას უპირებდნენ.
„მე კარგად მახსოვს, როგორ იდგა აქციაზე მამუკა ხაზარაძე ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით 2021-ში.
მეც სოლიდარული ვიყავი მის მიმართ, როდესაც ზუსტად ისეთივე თითიდან გამოწოვილი ბრალდებით უპირებდნენ ციხეში ჩასმას, როგორითაც მე ვარ ახლა პატიმრობაში.
ვეთანხმები თიკას [ბოკუჩავა] რომ ძალა ერთობაშია!“ - წერს სააკაშვილი.
ამ თემას გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თიკა ბოკუჩავაც, რომელმაც დაწერა: „დიდ უსამართლობად მიმაჩნია პრეზიდენტი სააკაშვილის პატიმარ სააკაშვილად მოხსენიება, მისი სასამართლოზე სიტყვით გამოსვლის უფლება – კი პრივილეგიად“.