„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას უსამართლოს უწოდებს.
ბოკუჩავამ აღნიშნავს, რომ ოპოზიციაში ბზარების გაჩენა ივანიშვილის უპირველესი ამოცანაა.
„დიდ უსამართლობად მიმაჩნია პრეზიდენტი სააკაშვილის პატიმარ სააკაშვილად მოხსენიება, მისი სასამართლოზე სიტყვით გამოსვლის უფლება – კი პრივილეგიად, მაშინ როდესაც ის სწორედ იმ სასამართლოს მიერაა დატყვევებული, რომელიც მიტაცებულ არჩევნებს ივანიშვილს უფორმებს, რომელმაც მეხუთე პრეზიდენტს იმპიჩმენტი მოუწყო და რომელსაც არაერთი ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერისთვის გამოუტანია პოლიტიკური განაჩენი.
ოპოზიციაში ბზარების გაჩენა დღეს ივანიშვილის უპირველესი ამოცანაა, რადგან იცის, რომ ერთიანი ოპოზიციის პირობებში მიტაცებული არჩევნები ვერ მიიღებს ლეგიტიმაციას ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი ვალია საქართველოს მოქალაქეების წინაშე, რომელთაც ივანიშვილმა არჩევანი მოhპარა და რომლებიც ჩვენგან ერთიანი ძალებით გამარჯვების დაბრუნებას ელიან, ყველაზე მეტად ამ ერთობას გავუფრთხილდეთ“, – წერს ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.
მამუკა ხაზარაძემ მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის შემდეგ განაცხადა: „სააკაშვილს აქვს საშუალება, საათ-ნახევარი ისაუბროს ყველა თემაზე და თურმე მე არ მაქვს უფლება, სასამართლოში ვისაუბრო ისეთ თემებზე, რომლებიც ქვეყანას აწუხებს“.