რუსული მხარე მზად არის გააგრძელოს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, - ამის შესახებ “რია ნოვოსტის” რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განუცხადა.
„ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი. ჩვენ მას პატივისცემით ვეპყრობით. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი“, - განაცხადა ლავროვმა საქართველოს არჩევნების შედეგებზე კომენტირებისას.
ამასთან, ლავროვმა დასძინა, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი ხელოვნურად ცდილობენ საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესი წარმოაჩინონ, როგორც სტრატეგიული არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის.
„სინამდვილეში, ჩვენ ვსაუბრობთ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ არჩევანზე სუვერენულ განვითარებასა და გარე კონტროლს შორის, ტრადიციულ ღირებულებებსა და გარედან დაწესებულ ნეოლიბერალურ დამოკიდებულებებს შორის“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.