ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც უკვე ჩართული არიან არჩევნებზე დაკვირვების პროცესში, ვიწყებთ მოხალისეების მობილიზაციას არჩევნების დღეს უბნებში დაკვირვების მიზნით,- ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
კორძაიას თქმით, ერთიანობით უნდა დაიცვან თითოეული მოქალაქის არჩევანი.
„2024 წლის 26 ოქტომბერი არის ჩვენი ქვეყნის ხსნის, თავისუფალი არჩევანის და მოქალაქეების მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაცვის დღე.
წინასაარჩევნო გარემო უკიდურესად პოლარიზებული, ძალადობრივი და უთანასწოროა. ჩვენი ერთიანობა და ხმების დაცვა არის საბოლოო წარმატების საწინდარი.
დღეს 15 ივლისია და ჩვენ ახალგაზრდებთან ერთიანობით უკვე დავიწყეთ წინასაარჩევნო გარემოს შესწავლა/შეფასება. და პირველი, რაზეც გვინდა მივიპყროთ ამომრჩევლის ყურადღება, არის ის, რომ პერიოდულად, აუცილებლად, გადაამოწმონ საკუთარი თავის ცესკოს საიტზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში. განსაკუთრებით საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს ვთხოვთ, საკონსულოში რეგისტრაციასთან ერთად ცესკოს საიტზე გადაამოწმონ საკუთარი თავი ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რადგან თუ თავს ვერ იპოვით ცესკოს სიაში თავს, მხოლოდ საკონსულოში რეგისტრაცია არ იქნება საკმარისი ხმის მისაცემად.
ამასთანავე, ამ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც უკვე ჩართული არიან არჩევნებზე დაკვირვების პროცესში, ვიწყებთ მოხალისეების მობილიზაციას არჩევნების დღეს უბნებში დაკვირვების მიზნით. ჩვენი ერთიანობით ჩვენ გვინდა დავიცვათ თითოეული მოქალაქის არჩევანი, თითოეული ხმა გადამწყვეტია და დასაცავი. მოხალისეებს წინასწარ მივაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას, რაც უნდა იცოდნენ ხმების დასაცავად. ასევე, ჩვენი სოციალური ქსელებში განთავსდება რეგისტრაციის ფორმები, მაქსიმალურად შევეცდებით შევქმნათ თქვენთვის ხელსაყრელი პირობები. მოხალისედ რეგისტრაცია მარტივია: უნდა მიუთითოთ სახელი, გვარი, ტელეფონი, ელ.ფოსტა და თქვენთვის ხელსაყრელი ქალაქი, რაიონი ან სოფელი, საიდანაც შეძლებთ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მომავლის დაცვას.
რაც უფრო მეტი ვიქნებით, უფრო დამაჯერებელი იქნება ჩვენი გამარჯვება, ერთიანობით ვიგებთ!“- განაცხადა თამარ კორძაიამ.