რუსეთმა როცა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, საქართველოს გაუმართლა, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ იყო, ნებისმიერი სხვა ჯგუფი რომ ყოფილიყო, ომს დაიწყებდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე, რომ ლის თანახმად, უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები მობილიზაციისგან გათავისუფლდნენ.
„ვნახე მეც ეს ინფორმაცია. მგონი, ყველა ქართველის პირველი რეაქცია იყო და გაგვახსენდა ყოფილი სახალხო დამცველის სიტყვები, რომ ბომბების წვიმა ურჩევნიათ მშვიდობას და საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელმძღვანელის განცხადება, რომ საქართველომ უნდა გამოიყენოს შესაძლებლობის ფანჯარა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. რა იგულისხმებოდა ამის უკან, ესეც გასაგებია. როგორც ჩანს, ამ ადამიანებს იმედი ჰქონდათ, რომ აქ თუ რამე ატყდებოდა, ხოცვა-ჟლეტა, მათ საევაკუაციო თვითმფრინავებით გაიყვანდნენ ამ ქვეყნიდან, მიიღებდნენ ჯავშანს, რათა არ გაეწვიათ ჯარში. როგორც ჩანს, გარანტიებზე ფიქრობდნენ და ამ მხრივ, ძალიან მარტივად სწირავდნენ ჩვენს ქვეყანას ომისთვის.
ინფორმაცია, რაც გავრცელდა, რომ უცხოური დონორი ორგანიზაციები და „ენჯეოები“ თავისუფლდებიან იმ პირობებში, როდესაც თავად უკრაინაში სხვადასხვა კრიტიკული საწარმოს, თუ ინფრასტრუქტურის მომსახურე პერსონალი არ არის გათავისუფლებული მობილიზაციისგან, რა თქმა უნდა, ეს იქ გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ამიტომ, ქართველი ხალხი იხსენებს იმ სიტყვებს ბომბების წვიმასთან და შესაძლებლობების ფანჯარასთან დაკავშირებით.
როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, საქართველოს გაუმართლა, რომ ამ ისტორიულ მომენტში „ქართული ოცნება“ იყო ხელისუფლებაში. ნებისმიერი სხვა ჯგუფი რომ ყოფილიყო მაშინ ხელისუფლებაში, ომს დაიწყებდნენ. ჰკითხეთ, დააწესებდნენ თუ არა სანქციებს, რა თქმა უნდა, დააწესებდნენ. იქნებოდა თუ არა ეს ესკალაცია – იქნებოდა. ესკალაციის სავარაუდო შედეგი იქნებოდა თუ არა სამხედრო კონფლიქტში შესვლა? რა თქმა უნდა, იქნებოდა. ეს არის ანი და ბანი. ეს ელემენტარული ცოდნაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.