დღეს რაც ხდება ნატოს სამიტზე, ის განცხადებები, რაც გაკეთდა ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის დახმარების შეწყვეტაზე, ძალიან სერიოზული საფრთხეა ამ ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალი სამოქალაქო მოძრაობის "აირჩიე ევროპა" დაფუძნების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
,„ავირჩიოთ ევროპა“ ასე ეწოდება ახალ მოძრაობას - მგონი, უკვე დიდი ხანია ავირჩიეთ ევროპა. საქართველო ყველა თავისი ისტორიის მთავარ მონაკვეთზე ირჩევს განვითარების გზას, თავისუფლების გზას, დემოკრატიის გზას და ეს არის ევროპული გზა. ევროპული ღირებულებები, პირველ რიგში, ქართული ღირებულებებია და ამიტომაც ესოდენ გვიადვილდება ევროპისკენ სვლა.
სვლა ვახსენე, მაგრამ დღეს ეს გზა გაიყინა. ეს გზა ამ ხელისუფლებამ გაგვიყინა, გადაუხვია კონსტიტუციას და ამით უარი უთხრა საკუთარ ამომრჩეველს. მე ვიყავი იმ კამპანიის ნაწილი, რომელმაც ჯერ „ოცნება“ მოიყვანა სათავეში და მერე, არჩევნებზე საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. ყველა ეს კამპანია აგებული იყო იმაზე, რომ ჩვენი საგარეო კურსი, ჩვენი ქვეყნის განვითარება მიმართული ყოფილიყო ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისაკენ. ამ გზას გადაუხვიეს და ჩვენ გაგვყინეს.
დღეს რაც ხდება ნატოს სამიტზე, ის განცხადებები, რაც გაკეთდა ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის დახმარების შეწყვეტაზე, ძალიან სერიოზული საფრთხეა ამ ქვეყნისთვის.
ცოტა დროა დარჩენილი - 100 დღე. 100 დღე ცოტაცაა და ბევრიც იმისთვის, რომ საზოგადოებამ თავისი სათქმელი თქვას. დღეს ჩვენ არ გვექნება ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არ არის რაღაც საარჩევნო კამპანია, თუ არა მე, როგორც პრეზიდენტი აქ არ ვიქნებოდი. ეს არის ქვეყნის ბედის არჩევანი, ეს არის ჩვენი მომავლის არჩევანი, ეს არის ნამდვილად რეფერენდუმი და ამ რეფერენდუმში საქართველოს საზოგადოება ერთ მხარესაა და ხელისუფლება მეორე მხარეს, რომელმაც ჩვენი მომავლის უზურპაცია მოახდინა. არ შეიძლება ჩვენ ამაზე დავთანხმდეთ. აქ საჭიროა, გავერთიანდეთ, შევასრულოთ ქარტია, რომელსაც ყველა პარტიამ მოაწერა ხელი, ან თუ არ მოაწერა, ამბობს, რომ ეთანხმება.
არჩევნების შემდეგ ძალიან ცოტა დრო იქნება იმისთვის, რომ შევასრულოთ ის, რაც ქარტიაში წერია. ძალიან ცოტა დრო გვაქვს, რომ ჩვენ გამოვიდეთ ამ გაყინული მდგომარეობიდან, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს პარტნიორებს და დავაჯეროთ მათ, რომ ჩვენ დავუბრუნდით ჩვენს გზას და ხელახლა უნდა გაგვიხსნან ყველა კარი, რაც დღეს ნახევრად მიხურულია. ეს ჩვენთვის გარდაუვალი ამოცანაა. სხვა გზა არ გვაქვს, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ვართ ძალიან ბევრნი, ვართ ძალიან ერთიანნი და საქართველო გაიმარჯვებს!", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.