2024 წლის 9 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ვაშინგტონში ნატოს საიუბილეო 75-ე სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან.
საუბარი შეეხო საიუბილეო 75- სამიტს და მის ფარგლებში განსახილველ მნიშვნელოვან საკითხებს. აღინიშნა, რომ სამიტზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის წარმატებული პროცესის კიდევ ერთი დადასტურებაა.
მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხზე. ხაზი გაესვა, რომ ასპირანტი საქართველო ყოველთვის იყო ალიანსის სანდო პარტნიორი და მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.
აღინიშნა, საქართველოს პროგრესი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით. ამასთან, ხაზი გაესვა ალიანსის მხრიდან როგორც პრაქტიკული, ისე პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას.
საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს, უსაფრთხოების გარემოს, რუსეთის ომს უკრაინაში. აღინიშნა, რომ შავი ზღვის დიდი რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერება იქნება ევრო-ატლანტიკური სივრცისთვის მშვიდობის და სტაბილურიბის გარანტია.
მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ აქტიური თანამშრომლობა ერთობლივი მიზნების მისაღწევად.