ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში ხელისუფლების შეცვლას გეგმავს. ამის შესახებ რუსული სამთავრობო სააგენტო „ტასი“ რუსეთის საგარეო დაზვერვაზე დაყრდნობით იუწყება.
რუსეთის საგარეო დაზვერვის მტკიცებით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას შემუშავებული აქვს მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ქართული ოცნების დისკრედიტაციისთვის.
"რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის პრესბიურო იტყობინება, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში შემოსული მონაცემები მოწმობს ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე, მიაღწიონ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემდეგ. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში შემუშავებულია მასშტაბური საინფორმაციო კამპანია მმართველი პარტია ქართული ოცნების დისკრედიტაციისთვის." – წერია განცხადებაში.
ამასთან "ტასი" საგარეო დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, შეერთებული შტატების წაქეზებით, შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს ანტისამთავრობო განწყობების გაღვივებაში, რასაც საბოლოოდ მორიგი ფერადი რევოლუცია მოჰყვება.
"ცნობილი გახდა სცენარის მთავარი სიუჟეტური ხაზები, შეთხზული "საუკეთესო ჰოლივუდის ტრადიციებით". თეთრი სახლის თანდაყოლილი ანტირუსული ენთუზიაზმით, პროპაგანდისტული კამპანია დაგეგმილია „სენსაციური გამოცხადების“ საფუძველზე: რუსეთი არის დამნაშავე საქართველოს ყველა უბედურებაში. ამავდროულად, აქცენტი გაკეთდება „ქართული ოცნებისადმი "პოლიტიკური დამოუკიდებლობის არქონის" ბრალდებებზე, რომელიც "ხომალდ ჯორჯიას" ალისფერი იალქნებით ევროპის სანაპიროდან დაშორებით ემუქრება." – წერია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.