საქართველოს პრეზიდენტი დღეს სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი ღირსების ორდენებსა და მედლებს გადასცემს ისტორიული სპორტული მიღწევის - 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის" - აცხადებს ადმინისტრაცია.
მთავრობის ინიციატივით დღეს, 2 ივლისს გაიმართება ღონისძიება, "სადაც გულშემატკივარს ექნება საშუალება, მადლობა გადაუხადოს ფეხბურთელებს".
"21:00 საათიდან გულშემატკივარს ველოდებით თავისუფლების მოედანზე, ხოლო 21:30 საათიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან ღია ავტობუსით დაიწყებენ გადაადგილებას ფეხბურთელები ჭავჭავაძის გამზირის გავლით თავისუფლების მოედნისკენ.
22:00 საათზე დაიწყება უშუალოდ ღონისძიება. ყველა ფეხბურთელი იქნება სცენაზე, მათ ექნებათ საშუალება, მიმართონ გულშემატკივარს, შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული ფეიერვერკით, რითაც კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მადლიერებას ჩვენი საამაყო ფეხბურთელების მიმართ" - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.