აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღიარა, რომ დონალდ ტრამპთან დებატებში კარგად ვერ გამოვიდა, მაგრამ ნათლად აჩვენა, რომ არ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებიდან გამოთიშვას.
”ვიქნები მკაფიო, ვიცი, რომ ახალგაზრდა აღარ ვარ, ვიცი, რომ ისე იოლად ვეღარ დავდივარ, როგორც ადრე, ვერ ვლაპარაკობ ისე თანმიმდევრულად, როგორც ადრე, ვეღარ ვკამათობ ისე კარგად, როგორც ადრე, მაგრამ ვიცი, რა არის კარგი და რა ცუდი, ვიცი, როგორ შევასრულო ეს საქმე, ვიცი, როგორ ვთქვა სიმართლე“, - თქვა ბაიდენმა ჩრდილოეთ კაროლინაში გამართულ მიტინგზე.
81 წლის დემოკრატმა თქვა, რომ ის არ იყრიდა კენჭს მეორე ვადით რომ არ ჰქონოდა რწმენა მთელი გულით და სულით , რომ მას შეეძლო საქმეს გამკლავებოდა. "ფსონები ძალიან მაღალია", - თქვა ბაიდენმა.
ბაიდენის გამოსვლა მიტინგზე შედგა ტრამპთან დებატების მომდევნო დღეს, რომელიც ბევრმა ექსპერტმა წარუმატებლად მიიჩნია აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტისთვის.
მათი აზრით, ბაიდენმა სატელევიზიო დუელის დროს ვერ დაამტკიცა, რომ კვლავ შეუძლია საპრეზიდენტო მოვალეობის შესრულება.
პრეზიდენტ ბარაკ ობამას უფროსმა მრჩეველმა დევიდ აქსელროდმა, თქვა რომ ბაიდენმა ვერ შეძლო ენერგიული პოლიტიკოსის შთაბეჭდილების დატოვება და ზოგიერთ მომენტში ის ცოტათი დაკარგულადაც კი ჩანდა.
ამავდროულად, 78 წლის ტრამპი გაცილებით ახალგაზრდად გამოიყურებოდა, ვიდრე ამჟამინდელი სახელმწიფოს მეთაური.