მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ დიდებულ დანა უაითს, სასტიკ მებრძოლსა და მეომარს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შევთავაზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ასისტენტებად სხვა მებრძოლების აყვანაც სთხოვა.
„ვთხოვე, ასისტენტებად წამოიყვანოს ისლამ მახაჩევი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ჯასტინ გეიჯი, დანიელ კორმიე, ამანდა ნუნესი და კეილა ჰარისონი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არ არის. ჩვენ ეს ადამიანები გვჭირდება, რათა შეშლილი მემარცხენეებისგან დაგვიცვან. დანა ისეთი პრესმდივანი იქნება, როგორიც სხვა არავინ ყოფილა. დანა, გთხოვ, დათანხმდი ამ თანამდებობას“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე უაითმა თავი აარიდა ტრამპის შეთავაზებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხს და მხოლოდ აღნიშნა, რომ ორშაბათს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავს.
დანა უაითი მრავალი წლის განმავლობაში ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მოკავშირე იყო. კერძოდ, ის რესპუბლიკური პარტიის ბოლო სამ ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა და პარტიას ამომრჩევლების მხარდაჭერის მოპოვებაში ეხმარებოდა.