რუსეთი აშშ-ის შუამავლობით აბუ-დაბიში უკრაინასთან დაგეგმილ მოლაპარაკებებზე წინა რაუნდებთან შედარებით უფრო მაღალი დონის დელეგაციას აგზავნის, რაც შესაძლოა უფრო შინაარსიანი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნაზე მიუთითებდეს.
როგორც Bloomberg წერს, დელეგაციის შემადგენლობიდან გამომდინარე, შესაძლოა, რუსეთი როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო საკითხებზე კონცენტრირებისთვის ემზადებოდეს.
რუსული სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, რომელიც კრემლის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვს ეყრდნობა, რუსეთის დელეგაციაში შევლენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები სერგეი რიაბკოვი და მიხაილ გალუზინი, სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი და გენერალური შტაბის მაღალჩინოსანი იური ჟიგარლოვსკი. დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი უხელმძღვანელებს.
რიაბკოვი რუსეთის მთავარი დიპლომატია, რომელიც აშშ-სა და ირანთან ურთიერთობებს, ასევე შეიარაღებაზე კონტროლის საკითხებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს კურირებს. მედინსკი კი 2022 წელს სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინასთან რუსეთის მოლაპარაკებებში მონაწილეობს. კოსტიუკოვი ასევე ხელმძღვანელობდა რუსეთის დელეგაციას, რომელიც იანვარში აბუ-დაბიში იმყოფებოდა.
უკრაინის დელეგაციას უხელმძღვანელებს უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იქნებიან პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი და უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია.