თბილისში, სასტუმრო „გალერი პალასმა“ „ისრაელის სახლთან“ და საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატასთან ერთად უმასპინძლა ღონისძიებას, რომელიც საქართველო-ისრაელის საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებას მიეძღვნა. საღამოს ესწრებოდნენ საქმიანი წრეებისა და საქართველოში ებრაული საზოგადოების წარმომადგენლები.
სიტყვით გამოსვლისას, „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ ისაუბრა საქართველო-ისრაელის მომავალ ბიზნესფორუმზე, კულტურულ დიპლომატიაზე და გეგმებზე. მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის საქმიანი ურთიერთობების გაძლიერება, ხოლო საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა მზადაა, ისრაელის ბიზნესს დაეხმაროს საქართველოში შემოსვლაში და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლო პრობლემების დაძლევაში.
„ჩვენ აქ, „გალერი პალასში“, რომელიც ისრაელური ინვესტიციით მუშაობს, პერიოდულად გავმართავთ შეხვედრებს. ეს გახდება კიდევ ერთი ადგილი, სადაც ისრაელელი და ქართველი კოლეგები შეხვდებიან ერთმანეთს და მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრებენ,“ - განაცხადა იციკ მოშემ.
სასტუმროს მფლობელის შაი ქოენის თქმით, ის აპირებს, აქტიურად ითანამშრომლოს საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატასთან და სურვილი აქვს, საქართველოში კიდევ უფრო გააფართოოს ბიზნესსაქმიანობა. „გალერი პალასში“ უკვე მოქმედებს ქოშერული რესტორანი, რომელიც შაი ქოენის მიერ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში შექმნილი ქოშერული რესტორნების ქსელის ნაწილია.
საღამოზე ახალგაზრდა მომღერალმა ქრისტი ჯაფარიძემ რამდენიმე ებრაული სიმღერა შეასრულა და დიდი მოწონება დაიმსახურა ისრაელელი მსმენელის მხრიდან.