შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში მორიგი განცხადება გაკეთდა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკაშირებით.
ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დიდი ყურადღებით აკვირდება მოვლენებს საქართველოში.
მილერის თქმით, შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ გმობს "რუსული კანონის" მიღების მცდელობას და ხელისუფლების წარმომადგენელთა ანტი-დასავლურ რიტორიკას.
"გარწმუნებთ, რომ სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დიდი ყურადღებით აკვირდება მოვლენებს, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურებრივ მოგზაურობაშია. ამ საკითხთან დაკავშირებით, რეგულარულად მიეწოდება განახლებული ინფორმაცია", - თქვა მილერმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათით ადრე სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა - "საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა" - სადაც დაგმობილია "კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის მეორე მოსმენით დამტკიცება".