შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროსთან, საზღვაო დრონები ბერძნულ სატვირთო გემს დაესხნენ თავს.
როგორც ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა, დიმიტარ სტოიანოვმა ბრიფინგზე განაცხადა, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემს სამი დრონი ბულგარეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მოხვდა. ინციდენტი ქალაქ შაბლას სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 21 საზღვაო მილის (დაახლოებით 39 კილომეტრის) დაშორებით მოხდა.
ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ოპერაცია ჩაატარეს იმ გემის ეკიპაჟის გადასარჩენად, რომელიც რუმინეთის ქალაქ კონსტანცისკენ მიემართებოდა. გემის ეკიპაჟის 18-ვე წევრი ევაკუირებულია.
თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, შავ ზღვაში საზღვაო დრონების არსებობის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის საზღვაო საპატრულო ავიაციის თვითმფრინავიდან მიიღეს, რომელიც შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში დაფრინავდა.
ბულგარეთის რადიოს ცნობით, სატვირთო გემი ისრაელის პორტ ჰაიფიდან მიემართებოდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ დგას თავდასხმის უკან.
ბოლო კვირების განმავლობაში ბულგარეთის სანაპიროსთან სულ მცირე ექვს სატვირთო გემზე თავდასხმა მოხდა.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, ეს თავდასხმები რუსეთის ინტერესებში შედის. რუსეთის ხელისუფლება თავდასხმებთან კავშირს უარყოფს.