აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის განცხადება "საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა".
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის მთავრობა გმობს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის მეორე მოსმით დამტკიცებას.
"აშშ-ის მთავრობა გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ, რომელმაც საქართველოს პარლამენტში დღეს წინ წაიწია და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მის დასაცავად ყალბი ნარატივი გამოიყენეს. მმართველი პარტიის წევრებმა ნათლად განაცხადეს, რომ კანონის მიზანია ჩაახშოს კრიტიკული ხმა და გაანადგუროს საქართველოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ემსახურება კრიტიკული კონტროლის მიზანს მთავრობაზე ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში.
ამ კანონპროექტმა და ქართული ოცნების ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა. საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები შეუთავსებელია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრობას საფუძვლად უდევს და ამით საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.
შეფასებები, რომლებიც არასწორად ახასიათებს საგარეო დახმარებას საქართველოში, რომელსაც ჩვენ ვეწეოდით 32 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების უნარის გასაძლიერებლად, საფუძვლიანად უთხრის ძირს მტკიცე ურთიერთობას, რომელიც ჩვენ განვავითარეთ საქართველოს მთავრობასა და ხალხთან.
ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის და მისი უფლების გვერდით, რომ მათი ხმა შესმენილი იყოს. ჩვენ ვგმობთ ძალადობის გამოყენებას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მიმართ, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებენ. მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების აღსაკვეთად ძალის გამოყენება მიუღებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არაძალადობრივი პროტესტის მონაწილეებს მისცენ შესაძლებლობა, გამოიყენონ გამოხატვის თავისუფლება," - წერია განცხადებაში.