ნიდერლანდები უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონ ევროს გამოუყოფს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად.
ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა რობ იეტენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იეტენის თქმით, დახმარების ახალი პაკეტი საჰაერო თავდაცვის საშუალებებსა და დრონებს მოიცავს, რათა უკრაინამ ზამთრის მოახლოებისას რუსეთის საჰაერო თავდასხმების მოგერიება შეძლოს.
„დღეს ასევე შემიძლია გამოვაცხადო დამატებითი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ, რომლის ღირებულებაც 500 მილიონი ევროა. ის, კერძოდ, მოიცავს საჰაერო თავდაცვის საშუალებებსა და დრონებს, რომლებიც რუსეთის განუწყვეტელი საჰაერო თავდასხმებისგან თავდასაცავად არის განკუთვნილი. ეს დახმარება ახლა უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან რეალობა ისაა, რომ რუსეთმა სამოქალაქო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები გააძლიერა“, - განაცხადა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა.
იეტენის განცხადებით, ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ამ ტერორის შეწყვეტისთვის მზად არის. მან უკრაინის მოკავშირეებს მოუწოდა, ზამთრის მოახლოების ფონზე კიევის მხარდაჭერა გააძლიერონ.
უკრაინის პრეზიდენტმა ნიდერლანდების მთავრობის მეთაურს გამოცხადებული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მხარდაჭერა უკრაინას რუსეთის ბალისტიკური რაკეტების თავდასხმების მოგერიებაში დაეხმარება.
„ეს მართლაც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით საჰაერო თავდასხმების მოსაგერიებლად. ჩვენ აღჭურვილობის დეფიციტი გვაქვს: ამჟამად გვაქვს რაკეტები, მათ შორის ანტირაკეტები, რომლებითაც რუსეთის ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება შეგვიძლია. ამ ომში რუსეთი მთავარ აქცენტს სწორედ ბალისტიკურ რაკეტებზე აკეთებს, განსაკუთრებით ზამთრის წინ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს აქვთ საჭირო რესურსები, რომლებითაც უკრაინას რუსეთის საჰაერო თავდასხმებთან გამკლავებაში დაეხმარებიან. მან მოკავშირეებს მოუწოდა, საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდება არ გადადონ.