საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა მართლაც შემაშფოთებელია, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ საქართველოში პარტიების აკრძალვის საქმეზე დასმულო შეკითხვის პასუხად განაცხადა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
როგორც "რადიო თავისუფლება" აღნიშნავს, 2026 წლის 27 ოქტომბერს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის სხდომაზე ალენ ბერსეს ბრიტანელმა პოლიტიკოსმა, დერბის საქალაქო საბჭოს ხელმძღვანელმა, ნადინ პიტფილდმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთაბ დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა: „ვითარების მონიტორინგისა და დიალოგში ჩართვის გარდა, რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგას ევროპის საბჭო, რომ საქართველოს უბიძგოს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულები, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყანამ“?
ბერსეს თქმით, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა შემაშფოთებელია.
„საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა - ჩვენ ამას ასე ვუწოდებთ - მართლაც შემაშფოთებელია... ჩვენ ვდგავართ შემზღუდავი კანონმდებლობისა და სამოქალაქო სივრცის შემცირების წინაშე; ასევე, ადგილი აქვს ოპოზიციაზე ზეწოლას... ეს ყველაფერი ძირს უთხრის პოლიტიკურ პლურალიზმს, ისევე როგორც ქვეყნის ვალდებულებებს, რომლებიც მას ევროპის საბჭოს წევრობიდან გამომდინარე ეკისრება“, – თქვა ბერსემ.
მან ახსენა სტრასბურგის სასამართლო, ოღონდ იმ დათქმით, რომ მიმდინარე საკონსტიტუციო დავის შესაძლო შედეგს წინასწარ არ აფასებს:
„შედეგის წინასწარი შეფასების გარეშე – რადგან არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ კანონის უზენაესობას ვეფუძნებით, – წევრმა სახელმწიფოებმა პატივი უნდა სცენ ადამიანის უფლებათა კონვენციას, ასევე – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას...
ვფიქრობ, ეს ნიშნავს, რომ ამ საკითხების მნიშვნელოვანი ელემენტები შესაძლოა ჩვენს სასამართლოებში აღმოჩნდეს.... ჩემი მიზანი არ არის [საკონსტიტუციო] სასამართლოს პოზიციის შერყევა, უბრალოდ, – შედეგის წინასწარ გარეშე, – მმართველ უმრავლესობს მოვუწოდე, დაეცვათ პლურალიზმი...
როგორც ყველამ ვიცით, პარტიის დაშლა მოითხოვს მყარ დასაბუთებას, ასევე, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპების მკაცრ დაცვას“, – განაცხადა ალენ ბერსემ.