უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, თუ რატომ არ მიმდინარეობს უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა. ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში ისაუბრა.
კერძოდ, ზელენსკის ჰკითხეს, რამდენ ხანს გაგრძელდება ჩიხური მდგომარეობა.
„ეს არ არის ჩიხი, უბრალოდ პრობლემური მდგომარეობაა. ჩიხი გამოუვალი მდგომარეობაა, პრობლემის მოგვარება კი შესაძლებელია, თუკი არის სურვილი და არის ინსტრუმენტები, როგორც ამბობენ. ანუ ჩვენ გვყავს ბრიგადები იარაღის გარეშე.
ჩვენ გვყავს 14 დაკომპლექტებული ბრიგადა, რომლებსაც არ გააჩნიათ შესაბამისი იარაღი, რომელსაც უკვე მხარი დაუჭირეს, რომელზეც ილაპარაკეს - პაკეტები {სამხედრო დახმარების} უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ნელ-ნელა მოდის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის კონგრესს დამატებითი 60,8 მილიარდი დოლარის გამოყოფისთვის, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დახმარება ფრონტის ხაზამდე უნდა მივიდეს.
„ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ ვისაუბროთ კონტრშეტევაზე, ჩვენ გვექნება შესაბამისი კონტრშეტევითი მოქმედებებს, როდესაც მზად ვიქნებით. ჩვენ მზად ვართ მაშინ, როდესაც იარაღი გვაქვს. დღეს ის ჩვენ არ გვაქვს, - განაცხადა ზელენსკიმ.
კითხვაზე, თუ როდის იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა, ზელენსკიმ უპასუხა: როდესაც უკრაინის თავდაცვის ძალები მიიღებენ ყველა საჭირო აღჭურვილობას, რომელსაც მანამდე აშშ-ის კონგრესმა დაუჭირა მხარი და რომელსაც მხარი შემდეგ ევროპელმა ლიდერებმა დაუჭირეს.
„განრიგი არ ვიცი. არავინ იცის. სამწუხაროდ. და ეს არის ამ ომის ყველაზე დიდი ტრაგედია გადაწყვეტილებასა და რეალურ ფაქტს შორის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.