ვაშინგტონმა ნატო-ს სამიტზე საქართველოდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვია. ამის შესახებ გამოცემა „ამერიკის ხმა“ იუწყება.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა "ამერიკის ხმას" დაუდასტურა, რომ ვაშინგტონიდან თბილისში, ოფიციალური მოსაწვევი ილია დარჩიაშვილის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე გაიგზავნა.
"პარტნიორობა მშვიდობისთვის [პროგრამაში ჩართული] სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოწვეულია გარკვეულ თანმხლებ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.", - მათქვამია „ამერიკის ხმისადმი“ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის მიერ გაგზავნილ წერილში.
ამ დრომდე უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს ხელისუფლება და ეწვევა თუ არა საქართველოს პირველი დიპლომატი, ივლისში, ვაშინგტონს.
„ამერიკის ხმის“ შეკითხვაზე, მიიღო თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალური თბილისისგან დასტური, რომ სამიტს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი დაესწრება. მილერი ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქართველ ხალხს უნდა მოუსმინოს და ქვეყანა "ევროატლანტიკურ გზაზე" დააბრუნოს.
"საქართველოს მთავრობის განზრახვასთან დაკავშირებით, მოგიწოდებთ მიმართოთ საქართველოს მთავრობას. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ მთავრობას, სწრაფად გადადგას ნაბიჯები საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად, როგორც ეს მის ხალხს სურს და როგორც ეს კონსტიტუციაშია მითითებული", - აცხადებს მილერი.