17 მაისს მთლიანად საქართველოში ჩატარდა სახალხო რეფერენდუმი, საქართველოს მილიონმა მოქალაქემ ქუჩაში თავისი გამოსვლით დაადასტურა მხარდაჭერა ამ პაკეტისა, მოთხოვნა, რომ პარლამენტმა მათი ხმა აქციოს კანონად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის კენჭისყრის დროს განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონის პროექტს, თუმცა კონსტიტუციური კანონის პროექტის მისაღებად საჭიროა პარლამენტის ხმათა რაოდენობის სამი მეოთხედი.
პაპუაშვილის განმარტებით, ამიტომ კენჭისყრა გადაიდება იმ დროისთვის, როდესაც ოპოზიცია დარბაზში იქნება.
„17 მაისს სახალხო რეფერენდუმი მთლიანად საქართველოში ჩატარდა, საქართველოს მილიონმა მოქალაქემ ქუჩაში თავისი გამოსვლით დაადასტურა მხარდაჭერა ამ პაკეტისა, დაადასტურა მოთხოვნა, რომ პარლამენტმა მათი ხმა აქციოს კანონად. დღეს, პარლამენტმა ამისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა და პირველი მოსმენით მივიღეთ ეს პაკეტი. გარდა ამისა, ჩვენ განვიხილეთ კონსტიტუციური კანონის პროექტი. იცით, რომ კონსტიტუციური კანონის მიღებას სჭირდება ხმათა რაოდენობის სამი მეოთხედი. ოპოზიცია არ იმყოფება დარბაზში, ამიტომ ამ კენჭისყრას გადავდებ შემდეგი პერიოდისთვის, როდესაც ოპოზიცია იქნება დარბაზში და მათ მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება კონსტიტუციურ კანონის პროექტთან დაკავშირებით. ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას, რომ თავისი პოზიცია დააფიქსირონ, საზოგადოების წინაშე ამ პოზიციის დაფიქსირება მოუწევთ. ასე რომ, ეს კენჭისყრა გადაიდება იმ დროისთვის, როდესაც ოპოზიციას ვიხილავთ დარბაზში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.