გამოცემა "ნეტგაზეთის" ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრს, პარლამენტის დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს ამერიკამ სავიზო სანქცია დაუწესა.
სხვა პირების სანქცირების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს სხვა მედიასაშუალებებმა. „მთავარი არხის“ ცნობით, სანქცირებულთა სიაშია დეპუტატი ანრი ოხანაშვილი.
ტვ „პირველის“ ცნობით კი სავიზო სანქციები შეეხო სპეცრაზმის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, იგივე „ხარებას“ და მის ოჯახს. როგორც ტელეარხი აცხადებს, მას აშშ-ს ვიზა ჰქონდა და მისი გაუქმების შესახებ შეტყობინება უკვე მიღებული აქვს.
როგორც ტვ „პირველი“ აშშ-ში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, სანქცირებულია „რუსული კანონის“ კიდევ ერთი მხარდამჭერი, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, რომელსაც ვიზა არ აქვს, თუმცა მას ვერ მიიღებს.
18 ივნისს საქართველოში აშშ-ს ელჩმა, რობინ დანიგანმა სანქციებზე თქვა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ვიზა აქვთ, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის - ხოლო მათ კი, ვისაც ვიზა არ აქვთ, მას ვეღარ მიიღებენ.
აგენტების კანონის მიღების შემდეგ, აშშ-მ 6 ივნისს სავიზო სანქციები დაუწესა რეჟიმის 20-30 წარმომადგენელს, მათ შორის, ქართული ოცნების წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცველებსა და მათი ოჯახის წევრებს.