ბორელი საქართველოზე ამბობს, უნდა დავსაჯოთ ეს ქვეყანაო, თავის სანქციებით და ა.შ და იქვე კითხვას რომ უსვამენ, კი მაგრამ საფრანგეთმა რომ მიიღო ამაზე გაცილებით მკაცრი კანონიო? მანდ დუმს, - მის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, ევროპარლამენტარებს უსამართლობას და არაობიექტურობას ევროპელი ხალხი არ აპატიებს.
„ბორელი საქართველოზე ამბობს, უნდა დავსაჯოთ ეს ქვეყანაო, თავის სანქციებით და ა.შ და იქვე კითხვას რომ უსვამენ, კი მაგრამ საფრანგეთმა რომ მიიღო ამაზე გაცილებით მკაცრი კანონიო? მანდ დუმს, ასეთი უხერხულობა უამრავი შეექმნებათ მათ. ფოტიგა გახსოვთ როგორ გვემუქრებოდა, რომ თქვენ ევროპარლამენტს ვერ გაეკარებით, გამოუშვით სააკაშვილიო. ფოტიგა სად არის? მიღმა დარჩა. აი ასე დარჩებიან, სად არის გერმანელი, ჩემი ვიოლა, სად არის, მიტინგებს რომ გვიწყობდა ლეგიტიმურ ხელისუფლებას, სააკაშვილი გამოუშვით თორემ ვერ ეღირსებითო. ქალბატონო ვიოლა, დარჩი ევროპარლამენტის მიღმა? შენმა ამომრჩეველმა გითხრა უარი, ისევე როგორც თქვენს პარტიას, რადგან უსამართლობას, არაობიექტურობას თვითონ გერმანელი ხალხიც არ გაგიტარებთ, ისევე როგორც დანარჩენი ევროპელები. საფრანგეთზე არაფერს ვამბობ“, – აღნიშნა ზარქუამ.
ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოში შესაბამისი კანონები იქნება მიღებული და სამართლიანი, ობიექტური არჩევნებიც ჩატარდება.
„ჩვენ ვმუშაობთ ქართული საზოგადოების დაკვეთით, ჩვენ ვიცავთ ქართულ ინტერესებს. ქართული ინტერესები არის ომის არდაშვება, ეკონომიკურ ზრდაზე აქცენტის გაკეთება, თავისუფლებისა და სუვერენიტეტის უფრო გამტკიცება, სამართლიანი, ობიექტური არჩევნების ჩატარება, ასევე მართლმადიდებლობა, ოჯახის სიწმინდე, ოჯახური ღირებულებების დაცვა და ჩვენ ამას გავაკეთებთ. რაც არ უნდა დაგვასანქცირონ და დაგვემუქრონ, სააკაშვილი იქნება იქ, სადაც არის, არაფერი უჭირს. იქ იქნება ჯანმრთელად და სასჯელს მოიხდის ბოლომდე, ეს ერთი. მეორე, ევროინტეგრაციის მიმართულებით კიდევ მეტ კანონებს მივიღებთ, რაც გვიწევს ჰარმონიზების ნაწილში, სამართლიან, ობიექტურ არჩევნებსაც ჩავატარებთ, ოჯახურ ღირებულებებსაც დავიცავთ. მართლმადიდებლური საქართველო იქნება ამ რეგიონის მშვიდობიანი გარანტი“, – განაცხადა ზარქუამ.