ჩვენი ხმა აუცილებლად უნდა ისმოდეს 2024 წლის პარლამენტში, ეს არის ქართული არჩევანი,– ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომელმაც საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას მოაწერა ხელი.
ირმა ინაშვილის თქმით, დღეს საფუძველი ჩაეყარა საქართველოს პატრიოტთა ერთობას, რაც, მისივე აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია.
„ჩვენი კონსერვატიული საზოგადოების მხრიდან ყოველთვის იყო მოთხოვნა, მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებულად, რომ გავერთიანებულიყავით კონსერვატიული ძალები, ტრადიციონალისტები, ეროვნული პარტიები. მნიშვნელოვანია, რომ ხანგრძლივი პროცესის შემდეგ შედგა ეს ერთობა.
ჩვენ ვხედავთ, რომ იმავე დღის წესრიგს გვთავაზობენ, ერთი მხრივ, „ქართული ოცნება“, მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები. იგივე პოლიტიკური სპექტაკლები, იგივე თამაშები და იგივე რიტორიკა, რომ ვართ თითქოს და კეთილი „ქართული ოცნება“ და ბოროტი „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა დანარჩენი არავინ არ არსებობს პოლიტიკურ ველზე. სწორედ ეს რიტორიკა გრძელდება მთელი 12 წლის მანძილზე. ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ ამ წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ებრძოდა არა „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმ განშტოებებს, არამედ, რეალურად, ებრძოდა კონსერვატორულ ფლანგს, ამ პარტიებს, რომლებიც დღეს ვართ აქ წარმოდგენილი.
ჩვენ, ეს ხალხი, ვინც აქ ვდგავართ, ვისაც არასდროს გვითამაშია და ვინც ვიყავით ყოველთვის პრინციპულები, ყოველთვის პატიოსნად ვემსახურებოდით ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ვართ ის ხალხი და ის ძალა, რომელსაც უნდა დაუჭიროს ჩვენმა საზოგადოებამ მხარი. ჩვენი ხმა აუცილებლად უნდა ისმოდეს 2024 წლის პარლამენტში, ეს არის ქართული არჩევანი.
ამ გაერთიანების მიზანია, შევიდეს ეროვნული, ქართული, კონსერვატიული, ტრადიციონალისტების დღის წესრიგი საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ამიტომ გავაერთიანეთ ჩვენი ძალები. დარწმუნებული ვარ, ის კი არა, რომ ბარიერს გადავლახავთ, ჩვენ შთამბეჭდავი შემადგენლობით შევალთ საქართველოს პარლამენტში“, – აღნიშნა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა.