საქართველოშო ჩინეთის საელჩო მკაცრად გმობს საქართველოში აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის განცხადებას ანაკლიის პორტის ინვესტორის თაობაზე. ჩინეთის საელჩოს განცხადება საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საელჩო შეუსაბამოსა და აბსურდულს უწოდებს ელჩ რობინ დანიგანის განცხადებას, რომელიც მან "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუსას გააკეთა.
"გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოში შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის განცხადებები, თითქოს China Communications Construction Company-ში (CCCC) წილების უმრავლესობას ჩინეთის კომუნისტური პარტია ფლობს და რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა თითქოს რუსეთის სამხედრო მანქანის ნომერ პირველი ბანკირი და დამფინანსებელია, არის აბსურდული და ფაქტებთან სრულიად შეუსაბამო. ჩინეთის საელჩო მკაცრად გმობს ამგვარ განცხადებებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ჩინეთის საელჩო ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ის ელჩის განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ შეთანხმებულ სან-ფრანცისკოს ხედვას.
"ვწუხვართ, რომ ამერიკელმა დიპლომატმა პროფესიონალიზმი არ გამოიჩინა განცხადების გაკეთებისას", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა "ინტერპრესნიუსთან" ისაუბრა ანაკლიის პორტის ინვესტორ ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ამ კომპანიის წილების უმეტესობას ჩინეთის კომუნისტური პარტია განაგებს. მისივე თქმით, ამ კომპანიას არ აქვს კარგი რეპუტაცია გლობალური მასშტაბით.
"ჩინეთის კომუნისტური პარტია, რუსეთის არმიის ნომერ პირველი ბანკირი, ნომერ პირველი ფინანსისტია. ასე რომ, ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს?" - თქვა ელჩმა.