„ევროკავშირის ელჩის განცხადება ასახავს სამწუხარო რეალობას, რომელიც დადგა საქართველოში „ქართული ოცნების“, ამ რუსული კოშმარის მიზანმიმართული მავნებლური პოლიტიკის შედეგად, რომ საქართველო მოწყდეს ევროკავშირს და დასავლური განვითარების ვექტორს.“- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჰერჩინკის განცხადებასთან დაკავშირებით.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ კოალიციური მთავრობით ჩანაცვლდება, დაუყოვნებლივ მოხდება პროგრესი ევროკავშირის გზაზე.
„სამწუხაროდ, ის რაც ევროკავშირი ელჩმა განაცხადა, ასახავს სამწუხარო რეალობას, რომელიც დადგა საქართველოში „ქართული ოცნების“, ამ რუსული კოშმარის მიზანმიმართული მავნებლური პოლიტიკის შედეგად, რომ საქართველო მოწყდეს ევროკავშირს და დასავლური განვითარების ვექტორს. ამაზე პირველ რიგში პასუხი უნდა ჩვენგან და ამას არ უშველის რუსული კანონის წაღება, ამას უშველის 26 ოქტომბერს ძალადობრივი რუსული რეჟიმის ჩამოცილება ხელისუფლებიდან. რაც შეეხება ევროკავშირს, ძალიან რთული არჩევანის წინაშე დგას და მან ისე უნდა განსაზღვროს თავისი პოლიტიკა, რომ ერთის მხრივ არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში უნდა უპასუხოს „ქართული ოცნების“ ძალიან დამაზიანებელ და მავნებლურ პოლიტიკას და მეორეს მხრივ შეუნარჩუნოს ევროპული განვითარების პერსპექტივა ქართველ ხალხს. დარწმუნებული ვარ, როდესაც ამ ძალადობრივ რეჟიმს ჩავანაცვლებთ კოალიციური მთავრობით, დაუყოვნებლივ მოხდება პროგრესი ევროკავშირის გზაზე, ამიტომ ევროკავშირის პოლიტიკა იქნება ისეთი, რომ უპასუხოს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ შეინარჩუნოს ქართველი ხალხს ევროპული პერსპექტივა.“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
დღეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობაში, ღრმა მწუხარებით უნდა გითხრათ, რომ ურთულეს პერიოდს გავდივართ. არაერთხელ ვთქვით, რომ უცხოური გავლენის შესახებ მოქმედი კანონი არახელსაყრელ ეფექტს მოახდენს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე. სამწუხაროდ, ეს მოხდა.“