ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ხედავენ და აფასებენ იმ ძალისხმევას, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოს საზოგადოებამ აჩვენა, როდესაც ასი ათასობით ადამიანმა დაიცვა თავისი ევროპული არჩევანი და ღირებულებები, განაცხადა საპარლამეტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა ბაიდენისა და მაკრონის განცხადებასთან დაკავშირებით.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, საქართველოს რუსული რეჟიმის პირობებში ევროპული პერსპექტივა არ გააჩნია.
„კიდევ ერთხელ მორიგ ჯერზე ყველაზე მაღალი რანგიდან საქართველოს საზოგადოებამ მოისმინა ჩვენი პარტნიორების საკმაოდ მკაფიო გზავნილები, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ხედავენ და აფასებენ იმ ძალისხმევას, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოს საზოგადოებამ აჩვენა, როდესაც ასი ათასობით ადამიანმა დაიცვა თავისი ევროპული არჩევანი და ევროპული ღირებულებები. ამჯერად უკვე არჩევანი ჩვენზე არის, რომ რუსული რეჟიმის პირობებში ჩვენ ევროპული პერსპექტივა არ გაგვაჩნია, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა არ ექნება ქვეყანას თუ ივანიშვილის რეჟიმი გააგრძელებს მმართველობას, ამიტომ ერთხმად, ორგანიზებულად 26 ოქტომბრის არჩევნებზე უნდა მოვიშოროთ რუსული რეჟიმი და ამ შემთხვევაში დაჩქარდება საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, მეგობრობის აქტის ამოქმედება აშშ-დან, რაც ჩვენი საზოგადოების მთავარი მიზანია.“- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.