„ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან მუქარების შემდეგ ევროპაში მიმდინარე კვირაში ჩემპიონთა ლიგის საფეხბურთო მატჩებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება.
თუმცა, როგორც უეფა აცხადებს, თამაშები მადრიდში, პარიზსა და ლონდონში ჩატარდება ისე, როგორც დაგეგმილი იყო, ჯიჰადისტური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მუქარის მიუხედავად.
საფრანგეთისა და ესპანეთის ხელისუფლებამ ასევე დაადასტურა, რომ მატჩების დროს გაძლიერებული იქნება უსაფრთხოების ზომები.
მანამდე ტერორისტული დაჯგუფების მხარდამჭერ მედიაში გავრცელდა რამდენიმე პოსტერი, რომელიც იმ სტადიონებზე თავდასხმისკენ მოწოდებებს შეიცავდა, სადაც მიმდინარე სამშაბათსა და ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური თამაშები გაიმართება.