უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც უნდა შეჩერდეს,
ამის შესახებ ზელენსკიმ ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პუტინი „ყოველთვის ეძებს ვინმეს, ვინც მას დაეხმარება კიდევ უფრო მეტი ადამიანის მკვლელობაში ყოველ დაპყრობილ კილომეტრზე, კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის ხელში ჩაგდებასა და სხვა ქვეყნის დაპყრობაში“, ნაცვლად იმისა, რომ გაჩერდეს და საკუთარ ქვეყანას მართოს.
„ამ ყველაფრის შემდეგ, შეგიძლიათ კი საერთოდ წარმოიდგინოთ ის ომის გარეშე? ის არის „ნულოვანი პაციენტი“, რომლისგანაც ომის ეს იდეა კიდევ უფრო ვრცელდება. და სადაც არ უნდა გავრცელდეს ის, მოაქვს მხოლოდ ტკივილი, არასტაბილურობა, ახალი რისკები და, რა თქმა უნდა, ახალი კრიზისები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, რაც უფრო მეტი მოქმედების თავისუფლება აქვს პუტინს, მით უფრო სახიფათო ხდება მსოფლიო ყველა დანარჩენისთვის.
პრეზიდენტმა განმარტა, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობის ინდუსტრიაზე დარტყმებს ომის დაფინანსების უნარის შესასუსტებლად და მოსკოვის შესაჩერებლად ახორციელებს.
"ისტორიაში პირველად გვესმის, რომ რუსეთის სიამაყე - ნავთობინდუსტრია სულს ღაფავს. ჩვენი სამიზნეა რუსეთის უნარი, დააფინანსოს ეს ომი, გააჭიანუროს ის და გახადოს უფრო სასტიკი და დამანგრეველი. რუსეთის ფინანსები და რუსული წარმოება სწორედ ისაა, რაც უნდა შეჩერდეს, თუ გვსურს, რომ პუტინი შევაჩეროთ“, - განაცხადა მან.
ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმება ან შემსუბუქება „ამ ომს მეტ დროს აძლევს“.
„და როდესაც ვინმე მსოფლიოში სანქციებს ამსუბუქებს, მათ შორის, რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ამან შესაძლოა შეძლებული რუსების ცხოვრება უფრო კომფორტული გახადოს, მაგრამ ეს ასევე მეტ დროს აძლევს პუტინს - მეტ დროს იმისთვის, რომ ღარიბი ადამიანები საბრძოლო მოქმედებების ზონაში გაგზავნოს“, - დასძინა მან.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაში დრონებითა და რაკეტებით თავდასხმებით ყოველ საათს უქმნის საფრთხეს ადამიანების სიცოცხლეს.
„გადარჩებოდა თქვენი ქვეყანა, ღმერთმა ნუ ქნას, ისეთივე რამეს რომ დაპირისპირებოდით, რასაც უკრაინა უპირისპირდება?“ - მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა დამსწრეებს და მათ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების ძალისხმევაში ჩართვისკენ მოუწოდა.