საფრანგეთმა მიესალმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ საფრანგეთის მოქალაქე მარტინ რაიანის შეწყალებას. რაიანს აზერბაიჯანში ჯაშუშობის ბრალდებით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
მედიის ცნობით, საფრანგეთის საგარეო უწყებაში ალიევის გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ჟესტი“ უწოდეს.
„ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან ხანგრძლივი და ინტენსიური დიალოგის შედეგია“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
მარტინ რაიანი საფრანგეთში, სავარაუდოდ, დღეს დაბრუნდება.
ბრიუსელში მყოფი ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, პარიზი ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე ზეწოლას ახდენდა, რათა რუსი მილიარდერის, ალიშერ უსმანოვის, წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაუქმებულიყო. დიპლომატის თქმით, უსმანოვის სასანქციო სიიდან ამოღება აზერბაიჯანში პატიმრობაში მყოფი საფრანგეთის მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების ნაწილი უნდა ყოფილიყო.
მარტინ რაიანის გათავისუფლებას პარიზი რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა. ბიზნესმენს აზერბაიჯანში 2026 წლის მარტში 10 წლით პატიმრობა „ჯაშუშობისთვის“ მიუსაჯეს .
რაიანი, რომელიც ბაქოში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 2023 წლის 4 დეკემბერს დააკავა. მას საფრანგეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დასდეს ბრალი. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ბრალდებებს ყოველთვის „კატეგორიულად“ უარყოფდა.
23 სექტემბერს ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა რამდენიმე პირის შეწყალების შესახებ განკარგულებას, რომელთა შორისაც მარტინ რაიანიც იყო.
ალიევის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროკავშირმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შემქმნელი ან მისი ხელყოფისთვის პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები კიდევ 36 თვით გაახანგრძლივა, თუმცა სანქციების სიიდან რუსი მილიარდერები ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი ამოიღო.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთი უსმანოვის სასანქციო სიიდან ამოღებას დაჟინებით ითხოვდა, რადგან ცდილობდა ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯანში პატიმრობაში მყოფი საფრანგეთის რამდენიმე მოქალაქისგათავისუფლებას დაკავშირებოდა.
საფრანგეთის მცდელობამ, უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოეღოთ, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების უკმაყოფილება გამოიწვია. ზოგიერთი მათგანი აცხადებდა, რომ სანქციების პოლიტიკური მოტივით გაუქმება სახიფათო პრეცედენტს ქმნის.
უკრაინამ ევროკავშირის არნიშნულ გადაწყვეტილებას „სამარცხვინო“ უწოდა.