რუსეთის უპატივცემულობა მშვიდობის მიმართ 2014 წელს დაიწყო, როდესაც რუსებმა უკრაინის ყირიმის ოკუპაცია მოახდინეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმის პლატფორმის მეექვსე სამიტზე განაცხადა.
„ყირიმის გარეშე, უსაფრთხოების აღდგენის, ადამიანებისა და მათი სიცოცხლის დაცვის, რუსეთის მიერ დაკავებული ტყვეების გათავისუფლებისა და საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების დაბრუნების გარეშე სრულფასოვანი ნორმალიზება შეუძლებელია. ტერიტორიულ მთლიანობას მნიშვნელობა აქვს, ადამიანების სიცოცხლეს მნიშვნელობა აქვს და რუსეთმა ეს უნდა გაიგოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინას წლიდან წლამდე ერთი და იმავე პრობლემების გადაჭრა უწევს. კერძოდ, ახლა, ისევე როგორც 2022 წელს, კიევს შავ ზღვაში სასურსათო დერეფნის უზრუნველსაყოფად და გლობალური ბაზრებისთვის საჭირო სხვა საქონლის ექსპორტის გასაგრძელებლად მუშაობა უწევს.
„მადლიერი ვარ ევროპის, მადლიერი ვარ აშშ-ის, თურქეთის, ეგვიპტისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების. ჩვენ ეს საკითხი ჩვენს პარტნიორებთან განვიხილეთ. ბევრი მათგანი უკვე შეუერთდა ძალისხმევას სასურსათო უსაფრთხოებისა და შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად. ეგვიპტემ, თურქეთმა და ინდოეთმა უკვე შემოგვთავაზეს ვარიანტები. ისინი ქაღალდზეა და ჩვენ მზად ვართ, მივყვეთ იმ გზას, რომელსაც უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლია. ახლა კი რუსეთის პასუხს ველოდებით.
უკრაინამ ყველაფერი გააკეთა, რაც მის ძალებში იყო, უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად, თუკი რუსეთიც მზად იქნება დეესკალაციის მიმართულებით რეალური ნაბიჯების გადასადგმელად. რაღაცით უნდა დავიწყოთ და რუსეთმა სხვების პატივისცემით უნდა დაიწყოს“, - დასძინა ზელენსკიმ.