აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის მიღწევას შეეცდება, თუმცა აღნიშნა, რომ ეს რთული ამოცანაა.
რუბიოს თქმით, ენერგეტიკული ზავის მიღწევა რთულია, რადგან რუსეთმაც და უკრაინამაც ერთმანეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები თავიანთი სამხედრო მოქმედებების სტრატეგიულ მიზნად განსაზღვრეს.
„უკრაინელები ზიანს აყენებენ რუსეთს, როდესაც მის ენერგეტიკულ სექტორს, რომელიც ქვეყნის შემოსავლის წყაროა, უტევენ. რუსული მხარე კი ზიანს აყენებს უკრაინას, როდესაც მის ელექტროენერგიის ქსელებზე, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოების წინ, ახორციელებს თავდასხმებს. ამრიგად, პრობლემა ის არის, რომ ორივე მხარემ ენერგეტიკა თავისი სამხედრო მოქმედებების სტრატეგიულ მიზნად განსაზღვრა. სწორედ ამიტომ არ არის მარტივი, მოულოდნელად თქვა: „მოდით, შევთანხმდეთ“, - განაცხადა რუბიომ.
ამასთან, სახელმწიფო მდივნის თქმით, ენერგეტიკული ზავი როგორც უკრაინისთვის, ისე რუსეთისთვის მომგებიანი იქნებოდა.
„ვფიქრობ, თუ პრეზიდენტ ზელენსკის ჰკითხავთ, ის დაადასტურებს, რომ ელექტროენერგიის ქსელის დაცვის შესაძლებლობა უკრაინის ინტერესების ერთ-ერთი მთავარი საკითხია. სწორედ ამ მიმართულებით შეგვიძლია დავეხმაროთ შეთანხმების მიღწევით. ამასთან, ცხადია, რუსეთი ისეთი დარტყმების წინაშე დგას, როგორიც აქამდე არ ყოფილა - რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში და მისი საკვანძო სამრეწველო სექტორების წინააღმდეგ“, - თქვა მან.
რუბიომ დასძინა, რომ აშშ-ს მხარეებს შორის „შეზღუდული ზავის“ მიღწევა მნიშვნელოვნად მიაჩნია და ამ მიმართულებით ძალისხმევას გააგრძელებს.
„ვფიქრობ, სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ძალისხმევის გაღება ღირს, რადგან, ჩემი აზრით, ეს ხელს შეუწყობდა მშვიდობას და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნებოდა. ვფიქრობ, ჩვენ მზად ვართ, თუ შევძლებთ, დადებითი როლი შევასრულოთ, რათა ეს შესაძლებელი გახდეს“, - განაცხადა რუბიომ.