პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა, რომ სამშაბათს ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსულმა მი-8 ტიპის ვერტმფრენმა დაარღვია.
პოლონური მხარის ინფორმაციით, ინციდენტი ბრანევოს დასახლების ჩრდილოეთით მოხდა. ვერტმფრენი კალინინგრადის ოლქიდან მიფრინავდა და პოლონეთის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 300 მეტრის სიღრმეზე შეიჭრა. იქ ის 42 წამის განმავლობაში იმყოფებოდა.
ვერტმფრენის ფრენას პოლონეთის შეიარაღებული ძალების რადიოლოკაციური სისტემები აკვირდებოდნენ. ჰაერში გამანადგურებლები აიყვანეს, ხოლო სახმელეთო ძალები და საშუალებები მზადყოფნაში მოიყვანეს.
„ინციდენტის ხასიათი მიუთითებს, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ ამოწმებს ჩვენი საჰაერო თავდაცვის მზადყოფნას“, - განაცხადეს პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ სარდლობაში.
პოლონეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების ეკიპაჟები ქვეყნის საჰაერო სივრცეს 24 საათის განმავლობაში აკვირდებიან და მუდმივ მზადყოფნაში იმყოფებიან.