უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა მიმდინარე წელს უკრაინის დაახლოებით 890 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიკავა, თუმცა ამ ტერიტორიის ნაწილი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ზელენსკიმ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, წელს ფრონტზე ვითარება პრაქტიკულად გაყინულია და რუსეთის ძალებს მნიშვნელოვანი წინსვლისთვის დიდი დანაკარგების გაღება უწევთ.
„ფრონტზე ვითარება პუტინისთვის წარმატებული არ არის. ის ვერ იმარჯვებს - ეს სიმართლეა. მაგრამ არც აგებს - ესეც სიმართლეა, რადგან მისთვის ადამიანური დანაკარგები დანაკარგს არ წარმოადგენს. უკრაინისთვის კი ეს დანაკარგია, რადგან ადამიანებს კარგავთ“,- განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, რუსეთმა იმ ტერიტორიის დაკავებისას, რომელიც წელს დაიკავა, დაახლოებით 270 ათასი სამხედრო დაკარგა.
ზელენსკის შეფასებით, რუსეთისთვის ადამიანური დანაკარგების მაღალი ფასი საკმარისი ფაქტორი არ არის, რომ ვლადიმირ პუტინმა ომის შეწყვეტა გადაწყვიტოს.
"მაგალითად, წელს მან დაახლოებით 890 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიკავა, ჩვენ კი 800 კვადრატული კილომეტრი გავათავისუფლეთ. სხვადასხვა მიმართულებას ვგულისხმობ“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
ამრიგად, პუტინმა უკრაინის ტერიტორიის დამატებით დაახლოებით 90 კვადრატული კილომეტრი დაიკავა.
„კარგი, დავუშვათ, რომ ეს წელიწადში დამატებით 100 კვადრატული კილომეტრია. ეს რამდენჯერმე ნაკლებია, ვიდრე ადრე, როდესაც ისინი წელიწადში დაახლოებით 3–4 ათას კვადრატულ კილომეტრს იკავებდნენ. ახლა ეს 100 კილომეტრია, ამისთვის კი მან 270 ათასი ადამიანი დაკარგა. ესენი არიან დაღუპულები ან მძიმედ დაჭრილები, რომლებიც ფრონტზე აღარ დაბრუნდებიან“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ამ მონაცემებიდან ნათელი ხდება, რა მაღალი ფასი გადაიხადა რუსეთმა 100 კვადრატული კილომეტრი უკრაინის ტერიტორიის დასაკავებლად.
„ის ვერ იმარჯვებს, მაგრამ არც აგებს. ამ დროს მისი საზოგადოება კარგავს ადამიანებს, ფულს, ხოლო 100 კილომეტრი არაფერია. ფასი იმდენად მაღალია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკის თქმით, მიუხედავად ადამიანური დანაკარგებისა, პუტინი ვერ გრძნობს, რომ გაჩერების დროა.
„ეს პრობლემაა“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.