მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილი ნავალნი არ არის. ის ციხეში არის იმის გამო, რასაც აკეთებდა პრეზიდენტობის დროს და არა როგორც დღევანდელი მთავრობის პოლიტიკური ოპონენტი - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის ეთერში განაცხადა.
"ვფიქრობ, ჩემი გადასაწყვეტი არ არის, უნდა იყოს თუ არა ის ციხეში, ეს ქართველი მოსამართლეებისა და საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა კი თვლის, რომ პრეზიდენტობის დროს სააკაშვილი აჭარბებდა უფლებამოსილებებს და სწორედ ამიტომ არის ის ციხეში. რაც შეეხება ჰუმანიტარულ მხარეს, მე ძალიან ყურადღებით ვაკვირდები, როგორ მიდის მისი მკურნალობა და როგორია მისი მდგომარეობა".
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას არ სჯერა, რომ სააკაშვილს ციხეში აწამებდნენ. მისივე თქმით, მასზე მიმდინარეობდა ზეწოლა ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით.
“დიახ, იყო {ზეწოლა} და მინდა გითხრათ, რომ რაც უფრო მეტი ზეწოლა იქნება, მით უფრო გართულდება ეს ამბავი. იმიტომ რომ მე ვერ დავუშვებ, რომ დისკრეციული უფლება, რომელიც პრეზიდენტს ეკუთვნის რაიმე სახის ზეწოლის ქვეშ მოექცეს. შეწყალების უფლება არის ჩემი მორალური გადაწყვეტილება და მე მივიღებ ამ გადაწყვეტილებას ისე, რომ წინასწარ არავის გავაფრთხილებ“, - თქვა ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა: თქვენ ერთხელ თქვით, რომ არ შეიწყალებდით მას, შემდეგ კი თქვით, რომ მის შეწყალებაზე უარს არ ამბობთ. გამოდის, რომ კითხვის ნიშანია.
ზურაბიშვილი: დიახ, კითხვის ნიშანია.
ჟურნალისტი: საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა მაიკლ მაკფოლმა თქვა, რომ სააკაშვილის სიკვდილი ციხეში იქნება პუტინის გამარჯვება და დარტყმა ქართული დემოკრატიისთვის. ეთანხმებით.
სალომე: მე არ ვფიქრობ, რომ ის ციხეში მოკვდება და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ასე არ მოხდეს. რადგან ვეთანხმები მაკფოლს, რომ ეს იქნება ძალიან ძლიერი დარტყმა საქართველოს რეპუტაციაზე. ამავე დროს, მისი ექსტრადირების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და ჟურნალისტის დამატებითი კითხის პასუხად შესაძლოა თუა არა რომ ს მოხდეს, უპასუხა: „შესაძლოა“.