საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან მთავრობის რიტორიკა უეცრად შეიცვალა, მთელს სპექტრზე, ყველა სრულად პროევროპული გახდა, ძალიან უცნაურ რაღაცებს ვხედავთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის - საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ გამართულ დისკუსიაზე, ერთ-ერთი კითხვის პასუხად განაცხადა.
არ ვარ დარწმუნებული, რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ სანამ გრძელდება, მინდა აღვნიშნო და მხარი დავუჭირო ამას, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებიდან [საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება], მთავრობის რიტორიკა უეცრად შეიცვალა. საქართველოში, მთელს სპექტრზე, ყველა სრულად პროევროპული გახდა და ასევე ახლა ყველა ამბობს, რომ ის იყო მთავარი ფაქტორი. რაც კარგია.
ეს ერთია. მეორე არის ის, რომ ამ გადაწყვეტილებიდან და მთავრობის, პრემიერმინისტრის ცვლილებიდან, ჩვენ ძალიან უცნაურ რაღაცებს ვხედავთ. კვლავ, არ მთხოვოთ ავხსნა, შემიძლია, ის გითხრათ თუ რას ვხედავ და როგორ ვახდენ ინტერპრეტაციას, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ სწორი ახსნა მაქვს. ახალი პრემიერ-მინისტრი გვყავს, ის ადამიანი, რომელმაც შარლ მიშელის დოკუმენტი უარყო, რომელსაც ყველაზე ანტი-დასავლური პროპაგანდისტული რიტორიკა, მინიმუმ, ჰქონდა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში.
მოულოდნელად, როგორც ახალი პრემიერ-მინისტრი, პირველი ადგილი, რასაც სტუმრობს, ბრიუსელია და ამტკიცებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბრიუსელი პირველი ვიზიტის ადგილი იყოს. თითქმის ყოველდღიურად ევროპელ ელჩებს იღებს, რათა თქვას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ 9 რეკომენდაციის იმპლემენტაცია. იღებს ამერიკელ ელჩს, რათა თქვას, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან ურთიერთობები უნდა გავაღრმაოთ.
თუ ეს არის ევროპული გადაწყვეტილების შედეგი, ვფიქრობ ამ ცვლილებაზე უნდა ვკონცენტრირდეთ და იმავე მიმართულებით გავაგრძელოთ. ასე რომ, ძალიან კარგია, რომ ამ ძალიან ნათელ პოზიციაზე ხარ", - განაცხადა პრეზიდენტმა.