აშშ-ის სენატში უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა (დემოკრატი ნიუ იორკის შტატიდან), რომელიც უკრაინაში ვიზიტით იმყოფება, გამოაქვეყნა განცხადება დელეგაციის სახელით, რომელშიც შედიან სენატორი ჯეკ რიდი (დემოკრატი როდ აილენდის შტატიდან), სენატორი მაიკლ ბენეტი (დემოკრატი კოლორადოს შტატიდან), სენატორი რიჩარდ ბლიუმენტალმი (დემოკრატი კონეკტიკუტის შტატიდან) და სენატორი მეგი ჰასანი (დემოკრატი ნიუ იორკის შტატიდან).
„მე ვხელმძღვანელობ კონგრესის ამ დელეგაციას, რომელიც შეხვდება პრეზიდენტ ზელენსკის ოთხი მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად:
პირველ რიგში, ჩვენ აქ ვართ, რათა ვაჩვენოთ უკრაინელ ხალხს, რომ ამერიკა მათ გვერდით დგას და გააგრძელებს ბრძოლას იმ დაფინანსების მისაღებად, რომელიც მათ ასე სჭირდებათ და იმსახურებენ. ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას, ვიდრე ამას არ მივაღწევთ.
მეორე, ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ დავარწმუნოთ ჩვენი ნატო-ელი და ევროპელი მოკავშირეები, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და რომ შეერთებული შტატები არ მიატოვებს ევროპას და ჩვენს ყველაზე მძლავრ და წარმატებულ ალიანსს - ნატო-ს.
მესამე, ჩვენ შევიკრიბეთ აქ, რათა დეტალურად გავერკვეთ, თუ რა სახის იარაღი სჭირდება უკრაინას და რა შედეგები მოჰყვება მათი მიწოდების შეფერხებას. გავიგოთ კონკრეტული უპირატესობების შესახებ, რომელსაც რუსეთი მიიღებს იარაღის არმიწოდების შემთხვევაში და უპირატესობების შესახებ, რაც უკრაინას ექნება იარაღის მიწოდების შემდეგ.
მეოთხე, ჩვენ გვჯერა, რომ ისტორიის გარდამტეხ მომენტში ვართ და ჩვენ ჩვენს მეგობრებსა და მოკავშირეებს მთელ მსოფლიოში ცხადად უნდა ვუთხრათ, რომ შეერთებული შტატები უარს არ იტყვის ვალდებულებებსა და მოკავშირეებზე. თუ ჩვენ მოკავშირეებს მხარს არ დავუჭერთ, ეს გამოიწვევს მძიმე პოლიტიკურ, დიპლომატიურ, ეკონომიკურ და სამხედრო შედეგებს, რაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ამერიკელ ხალხს მომავალი ათწლეულების განმავლობაში.
როდესაც ვაშინგტონში დავბრუნდებით, მკაფიოდ ავუხსნით სპიკერს ჯონსონს და კონგრესის სხვა წევრებს, რომლებიც ბლოკავენ სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას, ზუსტად რა არის სასწორზე აქ უკრაინისთვის, ასევე დანარჩენი ევროპისა და თავისუფალი სამყაროსთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ კონგრესი გაძლიერდეს, შეასრულოს თავისი მოვალეობა და დაეხმაროს ჩვენს მეგობრებსა და მოკავშირეებს“, - განაცხდა ჩაკ შუმერმა.