საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება აუცილებელია, ეს არის უსაფრთხოების აუცილებლობა და ერთადერთი პერსპექტივა ქვეყნისთვის, რომელიც ცივილიზაციურად იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, თუმცა დღეს მთავარი საკითხი უსაფრთხოებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენში, პანელურ დისკუსიაზე „სკამების დამატება მაგიდასთან: უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირის უდიდეს ინტერესებშია, რომ რუსეთი არ გახდეს ექსკლუზიურ ძალად შავ ზღვაში.
„უსაფრთხოების აუცილებლობა უნდა იგრძნოს ევროკავშირმაც, რადგან შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორი იქნებოდა დღევანდელი ომი უკრაინაში, თუ ევროკავშირის წევრები არ იქნებოდნენ პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, რუმინეთი, ბულგარეთი. ასე რომ, ევროკავშირში წინა გაფართოებამ, ფაქტობრივად, უზრუნველყო დამატებითი უსაფრთხოება მთელი ევროკავშირისთვის. შემდეგი გაფართოება, რომელიც საქართველოს და უკრაინასაც მოიცავს, ევროკავშირისთვის და ჩვენთვის უსაფრთხოების დამატებით ღირებულებას შექმნის. ეს არის სოლიდარობა და საერთო ღირებულებები. ამავე დროს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების პრობლემა, რომელიც საერთოა და, რაზეც არ ვსაუბრობთ საკმარისად, რაც არის შავი ზღვა. რასაც რუსეთი ახლა აკეთებს, არის ის, რაც მან დააანონსა 2007 წელს, რომ ის არ მისცემდა საშუალებას დასავლეთს, შესულიყო შავ ზღვაში. და რა მოხდა 2007 წლის შემდეგ? ჯერ იყო 2008 წელს საქართველო, რომელიც შავი ზღვის პირას მდებარეობს, შემდეგ – ყირიმი, მთავარი ადგილი შავ ზღვაში და შემდეგ ომი უკრაინაში. რუსეთმა წინასწარ თქვა, რის გაკეთებას აპირებდა და ახლა აკეთებს. ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესია, ევროკავშირის უდიდეს ინტერესებშია საქართველოს უსაფრთხოება, რათა რუსეთი არ გახდეს ექსკლუზიური ძალა შავ ზღვაში. რის გაკეთებასაც იგი ცდილობს, ეს გახლავთ მნიშვნელოვანი მომავლისთვის, - განაცხადა ზურაბიშილმა.