არაფერს დავუჭერთ მხარს, რაც არის პოლიტიკური რიტუალური ცეკვების ნაწილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
დავითულიანმა კომენტარი გააკეთა ოპოზიციონერი დეპუტატების, ხატია დეკანოიძისა და თეონა აქუბარდიას განცხადებაზე, რომლის მიხედვით, უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიებიდან უკრაინაში დაბრუნების თაობაზე რეზოლუციის მიღებას ითხოვენ.
„საქართველო ჰააგაში თანაავტორია სარჩელის, სადაც ერთ-ერთი მთავარი უკრაინელი ბავშვების თემაა. ამაზე სარჩელი შევიტანეთ და პუტინი დამნაშავედ ცნეს. ევროკავშირში რეზოლუციას მხარი იმიტომ არ დავუჭირეთ, რომ ბოლოში მიხეილ სააკაშვილი ჩათხარეს თქვენმა პოლიტიკურმა პარტნიორებმა. არაფერს დავუჭერთ მხარს, რაც არის პოლიტიკური რიტუალური ცეკვების ნაწილი. იმის გამო, რომ რაღაც ჯგუფს აქტუალობა არ გააჩნია და უნდა, მომავალ სიაში მოხვდეს, ბავშვების სიას იყენებს. ეს მაშინ, როცა საქართველო სარჩელის მონაწილეა ჰააგაში. საბავშვო ბაღია, არ იციან თუ? – წაიკითხონ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.