ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თეონა აქუბარდია უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიებიდან უკრაინაში დაბრუნების თაობაზე რეზოლუციის მიღებას ითხოვენ.
მისი განცხადებით, რეზოლუციის მიღება მიზნად ისახავს რუსეთის მიერ უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების უფლებებისა და მათ მიმართ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების უხეში დარღვევის დანაშაულებრივი ფაქტების შეფასებას და მათზე რეაგირებას.
„რეზოლუციის პროექტის მიღების შედეგად საქართველოს პარლამენტი დაადასტურებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საყოველთაო დეკლარაციის და ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მნიშვნელობას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. რეზოლუციის პროექტის მიღების შედეგად საქართველოს პარლამენტი დაგმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში გენოციდისა და ომის დანაშაულების ფაქტებს, დაგმობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას უკრაინაში და მხარდაჭერას გამოუცხადებს უკრაინის კონსტიტუციურ წესრიგსა და სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. რეზოლუციის მიღების შედეგად საქართველოს პარლამენტი მოახდენს რუსეთ-უკრაინას შორის განვითარებული პროცესების შეფასებას და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, აქტიურად და უშუალოდ იმოქმედონ იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების მშობლებთან და კანონიერ მეურვეებთან დაბრუნების საკითხებზე”, – განაცხადა დეკანოიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.