თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ორჯერ გამოიყენა რაკეტები, რომლებიც მან ჩრდილოეთ კორეისგან შეიძინა.
“2023 წლის 30 დეკემბერს რუსულმა ძალებმა უკრაინაში ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტებიდან, სულ მცირე, ერთი გაუშვეს. როგორც ჩანს, ეს რაკეტა ღია ველში დაეშვა ზაპის რეგიონში. 2 იანვარს რუსეთმა გაუშვა მრავალი ჩრდილოეთკორეული ბალისტიკური რაკეტა უკრაინაში, მათ შორის ღამის საჰაერო თავდასხმის დროს“, – განაცხადა კირბიმ.
კირბის თქმით, ჩრდილოეთ კორეის რაკეტებს, შეუძლიათ სამიზნეების განადგურება დაახლოებით 900 კილომეტრის მანძილზე.
თეთრი სახლის სპიკერმა აღნიშნა, რომ ბალისტიკური რაკეტების სანაცვლოდ ფხენიანს სურს მიიღოს რუსეთის ფედერაციიდან მოიერიშე თვითმფრინავები, რაკეტები, ჯავშანტექნიკა, ბალისტიკური რაკეტების წარმოების საშუალებები და წამყვანი სამხედრო ტექნოლოგიები.
მისი თქმით, რუსეთთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა არის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება.
„ყველაზე ეფექტური პასუხი რუსეთის საშინელ ძალადობაზე უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ არის უკრაინისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებითა და სხვა სახის სამხედრო აღჭურვილობით უზრუნველყოფა. ამისათვის გვჭირდება, რომ კონგრესმა დაუყოვნებლივ დაამტკიცოს ჩვენი დამატებითი დაფინანსების მოთხოვნა უკრაინისთვის“, – განაცხადა კირბიმ.