რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებული, არასრულწლოვნის დედისა და ბიძის წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვეს, თუმცა მოსამართლე მადონა მაისურაძემ ორივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
მოკლული გოგოს დედის, ეგანა მაგამაროვას ადვოკატი გირაოს სახით 5 000-დან 10 000 ლარამდე ოდენობის თანხას სთავაზობდა სასამართლოს, ხოლო ბიძის, ნატიგ მაგამაროვის ადვოკატი 3 000-დან 10 000 ლარამდე ოდენობის თანხას.
მოსამართლემასევე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.
მომდევნო სხდომა 11 იანვარს ჩაინიშნა.
14 წლის აითაჯის მკვლელობაში 27 წლის ასიმ ასლანოვია ბრალდებული. ის არასრუწლოვანთან იძულებით "ქორწინებაში" იმყოფებოდა. აითაჯის დედა და ბიძა კი ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.
საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. აითაჯი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან იყო.