საფრანგეთის ქალაქ ტულონში 28 წლის ქართველი ქალი, ლანა კ. ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, 17 დეკემბერს ქართველი ცოლ-ქმრის მეზობელს 00:30 საათზე კარზე მცირეწლოვანმა ბავშვებმა დაუკაკუნეს, რომლებმაც უთხრეს, რომ მშობლები ჩხუბობდნენ, რის შემდეგაც მეზობელმა ქალმა ძირს მწოლიარე კაცი დაინახა, რომელიც არ სუნთქავდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ კაცი გაგუდეს. პოლიციამ 28 წლის ქალი დააკავა, რომელიც საქმეში მთავარი ეჭვმიტანილია.
მედიის ცნობით, წყვილს ხუთი შვილი ჰყავდა, რომლებიც ბავშვთა სოციალური დახმარების სამსახურმა თავშესაფარში გადაიყვანა.
პოლიციის ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში ქმრის მხრიდან ლანა კ.-ს მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტზე საქმე იყო გახსნილი, თუმცა გამოძიება შეწყდა, რადგან ქალმა ძალადობის შემთხვევა უარყო.