14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ. ეს გადაწყვეტილება თავად მკვლელობაში ბრალდებულმა მიიღო.
აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმის არსებით განხილვას თელავის რაიონული სასამართლო 21 დეკემბრიდან დაიწყებს - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ უთხრა პროკურორმა ვლადიმერ ბექიშვილმა.
„დღევანდელ პროცესზე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვისთვის გადაეცა და პირველი სხდომა დაინიშნა 2023 წლის 21 დეკემბერს. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეუბნებით, იქიდან გამომდინარე, რომ სხდომა არის დახურული“, - თქვა პროკურორმა ბექიშვილმა.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი სქესობრივ დანაშაულს ეხება, პროკურატურის შუამდგომლობით სხდომა დახურულია.
2023 წლის 6 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 27 წლის ალიმ სადიკოვმა ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლით მოკლა 14 წლის აითაჯ შახმიროვა, რომელიც ბრალდებულთან იძულებით ქორწინებაში 2023 წლის ივნისიდან იმყოფებოდა.
აითაჯ შახმიროვას გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მკვლელობის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე 2023 წლის 6 ოქტომბერს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება და მალევე მიმალვაში მყოფი ალიმ სადიკოვი დააკავეს. აგრეთვე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს მისი ბიძა და ბიძაშვილი.
ამასთან ერთად, აითაჯ შახმიროვას იძულებით ქორწინებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ასევე 2023 წლის 6 ოქტომბერს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში დააკავეს მოკლული ბავშვის დედა და ბიძა.