სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებული, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 11 დეკემბერს, ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებული, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
7 დეკემბერს, მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა, რომ ე.წ. ჩათებში ვრცელდება პორნოშინაარსის ვიდეოფაბრიკაცია და გეგმავს მიმართოს საგამოძიებო უწყებებს.