გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 93 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 51 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი - 21 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში. ქვემო ქართლში დაფიქსირდა 20 სამართალდარღვევა. 16 ფაქტია გამოვლენილი მცხეთა-მთიანეთში, კახეთში - 8, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 7, აჭარაში - 5, გურიაში - 4, შიდა ქართლში - 3, სამცხე-ჯავახეთში - 1. ასევე 1 ფაქტია აღკვეთილი დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ. სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც - ივლისში, თბილისში, უკანონო თევზჭერის 7 ფაქტი გამოავლინეს.
ბრაკონიერები უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე, ელექტროშოკური აპარატი და სხვა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის 10, სახლართი ტიპის ბადით - 54 და ე.წ. ჩოგან-ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 8 ფაქტი.
ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში ინტენსიურად ტარდება პრევენციული ღონისძიებებიც, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც, ბოლო წლებში, უკანონო თევზჭერის ფაქტები შედარებით ხშირია. მიმდინარე წლის ივლისში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჯამში, 1 270 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე და 4 თევზმახე, ე.წ. გოდორი ამოიღეს. პრევენციული ღონისძიებები გატარდა თბილისის ზღვაზე, სიონის წყალსაცავზე, ბაზალეთის ტბაზე, ასევე მდინარეებზე - მტკვარსა და ნატანებზე.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. 2023 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო თევზჭერის 384 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 105 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდეგი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.