ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო მანიპულაციებისთვის სანქციები გააფართოვა.
შეზღუდვები დაუწესდა 7 ფიზიკურ პირსა და 5 კომპანიას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ციფრული მანიპულაციის საინფორმაციო კამპანიაზე, რომლის მიზანიც იყო ინფორმაციის დამახინჯება და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარდამჭერი პროპაგანდის გავრცელება.
კამპანია ეყრდნობოდა ყალბ ვებგვერდებს, რომლებიც იპარავდნენ ეროვნული მედიისა და სამთავრობო ვებსაიტების იდენტობას, ასევე ყალბ ანგარიშებს სოციალურ ქსელებში.
„შავ სიაში“ მოხვდნენ რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან, გრუ-სთან დაკავშირებული ონლაინგამოცემა „ინფოროსი“ და მისი სამი დამფუძნებელი, პრეზიდნეტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებული რუსული არაკომერციული ორგანიზაცია ANO Dialog, რუსული დიასპორის ინსტიტუტი, ასევე ორი რუსული IT-კომპანია, რომელიც ჩართულია რუსეთის ციფრულ დეზინფორმაციულ კამპანიაში. სანქციები დაუწესდა აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხელყოფისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები ამჟამად დაახლოებით 1 800 პირისა და კომპანიის წინააღმდეგ მოქმედებს.