უკრაინელმა სამხედროებმა კუპიანსკის მიმართულებით ინიციატივა მოიპოვეს.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა.
„მტრის შეტევა კუპიანსკის მიმართულებით წარუმატებელია. ბრძოლები გრძელდება, თუმცა ინიციატივა უკვე ჩვენს მხარესაა. ბახმუტის გარშემო, სამხრეთ ფლანგზე დღეს, როგორც წინა დღეებში, ჩვენი ჯარები წინ მიიწევენ. დღეს ბრძოლა გრძელდებოდა ჩრდილოეთ ფლანგზე. მტერი ცდილობს დაიბრუნოს დაკარგული პოზიციები“, - აღნიშნა მალიარმა.
18 ივლისს, დილით სახმელეთო ჯარების მეთაურმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთით რთული ვითარებაა, თუმცა კონტროლირებადი. მისი თქმით, მტრის ძირითადი ძალები კუპიანსკის მიმართულებით არის კონცენტრირებული, ბახმუტის მიმართულებით კი ხდება რეზერვების გადასროლა.