საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის, ისრაელის კომპანიების „Discovery Israel” და “Pelephone”-ის ერთობლივი გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში საქართველოს ისრაელიდან ეწვევა ტურისტთა ახალი ტალღა, რომელიც საქართველოს მრავალფეროვნების გაცნობითაა დაინტერესებული. ტურისტთა შორის იქნებიან ისრაელის უმსხვილესი მობილური ოპერატორის “Pelephone”-ის თანამშრომლები, რომელთა რიცხვიც რამდენიმე ათასს აღწევს. სტუმრები გაეცნობიან ქართულ კულტურას (ოპერა, ბალეტი, მუზეუმები), ეთნოგრაფიულ მრავალფეროვნებას, ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს.
განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობას. ტურისტები გაივლიან ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტს, რომელსაც საქართველოში, კულტურის სამინისტროსა და ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) გადაწყვეტილებით, „ისრაელის სახლი“ წარადგენს.
1000-ზე მეტი ტურისტი საქართველოში 6 თვითმფრინავით 15 ივნისიდან ჩამოვა. დღეს „ისრაელის სახლში“ „Discovery Israel”-ის და “Pelephone”-ის წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრა ორგანიზაციის ხელმძღვანელ იციკ მოშესთან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ისრაელელი ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2023 წლის პირველ კვარტალში, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა 50 პროცენტზე მეტია. ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოსთვის, ისრაელელ ტურისტთა რიცხვი 300 ათასს მიაღწევს, რაც 300 მლნ დოლარის კონტრიბუციაა საქართველოს ეკონომიკაში.
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა იყო პირველი ორგანიზაცია, რომელმაც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ისრაელში აქტიურად დაიწყო საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა. მისივე ინიციატივით, ისრაელში 1999 წელს გაიხსნა საქართველოს ტურიზმის წარმომადგენლობა. საქართველო-ისრაელის 20-ზე მეტი ბიზნესფორუმის, რომლის ორგანიზატორიც ბიზნესპალატაა საქართველოს ტურისტული პოტენციალი ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელისა და „ისრაელის სახლის“ დამფუძნებლის, იციკ მოშეს თქმით, საქართველოში იწყება ისრაელური ტურიზმის ახალი ეტაპი, რომელიც ორიენტირებულია მაღალი კულტურის გაცნობაზე, სხვა საქართველოს აღმოჩენაზე. „დიდი წინსვლაა ტურიზმში. ესაა არცთუ დაბალბიუჯეტიანი ტურისტების ნაკადი, რომელსაც აინტერესებს საქართველო, როგორც მაღალი კულტურის ქვეყანა წარსულში თუ დღეს. ეს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კავშირების გაძლიერებას, რასაც 30 წელია სხვადასხვა ფორმატში ვემსახურებით“, - აცხადებს იციკ მოშე.